საზეიმო მიღება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

12:24, 25.05.2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება. ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმართა. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ამასთან, საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ცეკვები. დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა სან ფრანცისკოს ისტორიულ მერიის შენობაშიც. შენობაზე ტრადიციულად საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართა და დროშის ფერებში განათდა. საქართველოს გენერალურ კონსულს კი სან ფრანცისკოს მერმა პროკლამაცია გადასცა, რომლის მიხედვითაც, 26 მაისი ქართულ-ამერიკული მეგობრობის და მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა.

ეროვნული დღე აღნიშნეს ავსტრალიაშიც. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება კანბერაში გაიმართა.

მსგავსი