საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. ირაკლი კობახიძესთან ერთად, ბავშვებს ვახშამზე უმასპინძლეს განათლების და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა. ბანაკი მოსწავლეებს ორ ნაკადად, 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. ორი კვირის განმავლობაში ისინი კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.