საწყისი საბრძოლო მომზადება
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა დაიწყეს. ამ ეტაპზე კურსს საქართველოში მცხოვრები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილებული პირები გაივლიან. გაწვევის მიმდინარე ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულ პირთა რაოდენობით თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი კვოტა სრულად დაკმაყოფილდა. ვაზიანისა და სენაკის ქვედანაყოფებში შესვლის პირველივე დღეს, წვევამდელებს სამხედრო ბაზაზე მოქცევის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, აღჭურვილობა დაურიგდათ და იმ ყაზარმებში განთავსდნენ, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. კურსის დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში და მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში გადანაწილდებიან.