საწვავი ოკუპირებული აფხაზეთისთვის – პოლიტიკური შეფასებები
მმართველი გუნდი ოპოზიციას კიდევ ერთი ბრალდებას უყენებს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას. ამჯერად განცხადებას რატი იონათამიშვილი ავრცელებს და ოპონენტების რიტორიკას შერიგების მცდელობებზე კოორდინირებულ თავდასხმად აფასებს. საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტზე. ბრალდებებს, რომ საწვავი რუსეთს სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი იონათამიშვილი სიცრუედ და დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობად აცხადებს. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 3000 ტონა საწვავი კანონმდებლობის სრული დაცვით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესმა შეიტანა. „რუსეთის მხრიდან, წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად, ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო“ – წერს იონათამიშვილი.