სავაჭრო შეთანხმება მერკოსურის ქვეყნებთან - ფერმერების პროტესტი ევროპაში
350 ტრაქტორი პარიზის ცენტრში – ფერმერების პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება.
ევროპის რამდენიმე ქვეყანა აქციებმა მოიცვა. დემონსტრანტების ხანგრძლივი წინააღმდეგობის და პროტესტის სხვადასხვა ფორმის გამოყენების მიუხედავად, 25-წლიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროკავშირი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის წესებზე შეთანხმდა. სწორედ ამ შეთანხმების პირობებია კატეგორიულად მიუღებელი ფერმერებისთვის, რომლებიც აქციებს თითქმის ერთი წელია მართავენ. ფერმერების პოზიციაა, რომ ევროპის ბაზარზე სამხრეთ ამერიკიდან იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შევა და ადგილობრივი წარმოება დაზარალდება. ევროკავშირსა და მერკოსურს შორის მიღწეულ შეთანხმებას ასამოქმედებლად ერთი პროცედურა აკლია – დოკუმენტს ევროპარლამენტის მხრიდან რატიფიკაცია სჭირდება. გადაწყვეტილებას, რომელიც ბრიუსელმა სამხრეთ ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მცდელობის ფონზე მიიღო, ისტორიულად აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. მერკოსურის ბლოკი ოთხ ქვეყანას – ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის და ურუგვაის – მოიცავს.