სავაჭრო ობიექტების შემოწმება 

თბილისში სადგურის მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ და მის მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ობიექტები დილიდან დაკეტილია.

ადგილზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. „თბილისი ცენტრალში“ მდებარე ოქროს ბირჟის კლასტერის გაფართოების და ზოგადად, დედაქალაქში არსებული ვითარების გამო, მასშტაბური დეზინფექციის რეკომენდაცია ტერიტორიის მფლობელებს ჯანდაცვის სამინისტრომ მისცა. სადგურის მოედანზე ობიექტები მუშაობას ორშაბათს განაახლებენ.
რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ხუთი სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა ქუთაისში. ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა ქალაქის აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს. ადგილზე ჩავიდა შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე, რომელიც საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრეს. შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.