სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ანგარიში 

ქვეყნდება წინასაარჩევნოდ მედიის მუშაობის პირველი შუალედური ანგარიში.

სამთვიანი მონიტორინგის შემდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია წინასწარ დასკვნაში წერს, რომ პოლარიზაციის ხარისხი სატელევიზიო მედიაში შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. ანგარიში როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის შედეგებს მოიცავს და აფასებს, რომელი ტელევიზიები რა ტონით აშუქებდნენ პოლიტიკურ სუბიექტებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. პირველ არხთან დაკავშირებით წერია, რომ გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა ეროვნული მაუწყებლებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. თუმცა შესავალ ნაწილში მითითებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ პირველი არხი ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს, რასაც საქართველოს პირველი არხი არ იზიარებს და გეგმავს, რომ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშზე საკუთარი მოსაზრება ევროკავშირს და გაერო-ს განვითარების ფონდს მისწეროს. სწორედ მათი მხარდაჭერით მომზადდა შუალედური ანგარიში. თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ წინასწარ დასკვნაში მოყვანილი პოზიციები ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების ფონდის მოსაზრებებად არ უნდა იყოს აღქმული.

სალომე ქოქიაშვილი გაეცნო შუალედურ ანგარიშს.