სასწრაფო დახმარების პერსონალის აქცია

სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების ნაწილი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად, ისევ რჩება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში. აქციის მონაწილეთა ნაწილმა დროებით დატოვა შენობა და ახლა მათ შენობაში აღარ უშვებენ, რამაც ხმაური გამოიწვია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება და იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ ადმინისტრაცია მათთვის ხელფასების მომატებას არ დათანხმდება. სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებული ექიმები და მძღოლების ნაწილი ხელფასის 100%-ით მომატებას ითხოვს. ექიმები, რომლებიც პროტესტში იღებენ მონაწილეობას, აცხადებენ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში, ხელფასზე დანამატს იღებდნენ, თუმცა გასული წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი შემცირდა, დანამატებიც მოუხსნეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციისგან ჰქონდათ დაპირება, რომ დანამატს ხელფასის მომატების გარეშე არ მოუხსნიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, იანვრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალი 10 პროცენტით მომატებულ ხელფასებს აიღებს, შესაბამისად, ერთი მორიგეობის ანაზღაურება 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან ერთად, უმჯობესდება სადაზღვევო პაკეტი.