საქართველოს თავდაცვის ძალების, აღმოსავლეთის სარდლობის შეჯიბრებითი სწავლება, საუკეთესო ქვეითი ათეულის გამოვლენაში სამი დღის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში მიმდინარეობდა.
აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების 8 ათეულმა, 72 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკური დავალება შეასრულა, რაც მოიცავდა რთულ რელიეფზე ტაქტიკურ გადაადგილებას, საპატრულო ბაზის დაკავებასა და ოპერაციის განხორციელებას, ასევე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებას. დასკვნით ეტაპზე, ქვეითი ათეულები ერთმანეთს, მოწინააღმდეგის პოზიციის აღმოჩენაში, იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებაში შეეჯიბრნენ. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მათ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენეს.