სასწავლო წელი პანდემიის პირობებში

მკვეთრად გაუარესებული ეპიდსიტუაციისა და მძიმე პროგნოზების მიუხედავად, განათლების სამინისტრო სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას არ ჩქარობს. მშობელთა აზრი კი ორად იყოფა, – ნაწილი დისტანციურ სწავლებას ირჩევს, გარკვეული კატეგორია კი თვლის, რომ სასკოლო სივრცის მიღმა, სახლის პირობებში, მოსწავლეები ცოდნის მიღებას სრულფასოვნად ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის ქვეყანაში არსებული 2 085 სკოლიდან 201 სრულად დისტანციურზეა. ონლაინ მეცადინობები უტარდება ასობით ცალკეულ კლასს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის მიზეზი კი სწრაფად გავრცელებადი „ომიკრონ“ შტამია. ამჟამად ინფიცირებულთა 15% სწორედ მოზარდებზე მოდის, რომელთა უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის. 23 იანვრის მონაცემებით, 12-დან 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მხოლოდ 13 ათასი არასრულწლოვანია აცრილი. შეგახსენებთ, რომ „ფაიზერით“ იმუნიზაცია ჩვენს ქვეყანაში 12 წლიდან არის ნებადართული და მოზარდებისათვის ის სრულიად უსაფრთხოა.