საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის, „ახალი ტალღა“ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნეს.
მინისტრებმა განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ. ახალი სასწავლო კორპუსი 90 სტუდენტზეა გათვლილი. ორსართულიან შენობაში განთავსებულია თანამედროვე მატერიალური ბაზით აღჭურვილი კულინარიის, კონდიტერიისა და სარესტორნო მომსახურების პროგრამების სასწავლო სახელოსნოები. კოლეჯი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კოლეჯი „ახალი ტალღა“ წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც 36 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. კოლეჯი ყოველწლიურად 1500-მდე სტუდენტსა და მსმენელს ემსახურება.