სასურსათო მარაგები საქართველოში

რეალური დეფიციტი თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი – ეს კითხვა საქართველოს სხვადახვა ქალაქში სავაჭრო ობიექტებზე შექმნილმა დღევანდელმა სიტუაციამ გაააქტიურა. მაღაზიების ნაწილში გარკვეული სასურსათო პროდუქციის მარაგები ამოიწურა. ძირითადად საუბარია ფქვილზე, შაქარსა და ზეთზე. დილიდან მოქალაქეებმა მითითებული პროდუქციის რამდენიმე თვეზე გათვლილი მარაგების შესყიდვა დაიწყეს. სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ პრობლემების არსებობას დისტრიბუტორთა კავშირშიც ადასტურებენ და ფაქტს ბოლო დღეებში გაზრდილ მოთხოვნას და ჭარბ შესყიდვებს უკავშირებენ. თუმცა, დისტრიბუტორები მარაგების მხრივ დეფიციტს კატეგორიულად უარყოფენ და უახლოეს დღეებში სავაჭრო ობიექტების საჭირო პროდუქტებით მომარაგების პირობას დებენ. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე ქვეყანა მომდევნო თვეებში იმპორტირებული სასურსათო პროდუქტების დეფიციტს გამორიცხავს.