სასურსათო ფასების რეგულაცია

სასურსათო პროდუქციის ფასნამატებსა და ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. უკვე დამტკიცდა სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, რომელიც საკითხზე იმუშავებს და მას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. შემადგენლობაში არიან: ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები, ასევე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. სამთავრობო კომისიის გარდა, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე დღეებში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ფასების რეგულირების საკითხზე საჯაროდ იმსჯელებს.