ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რაც ქვეყნის მოსახლეობას შეღავათს მოუტანს. ამის შესახებ, სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის წევრმა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ფასების რეგულირების გამოცდილება ქვეყანას აქვს ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელი კომისიის სახით და ასევე მედიკამენტების ბაზარზე, სადაც რეფერენტული ფასების ამოქმედებამ, წამლების ფასები შეამცირა. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, სურსათის ფასების შემცირების ინიციატივა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს ეხება და მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესს, ბიზნესი – გაგებით უნდა მოეკიდოს.