სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები დევნილების აქცია

ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები პროტესტს არ წყვეტენ.

საცხოვრებელი ფართების სასწრაფოდ დაკმაყოფილება მთავარ მოთხოვნად რჩება. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სწორედ გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს უკავშირებენ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას და ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილის, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალებას. თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – ძიება უკვე დაწყებულია, სწორედ გუშინდელი ტრაგედიის გამო ოპოზიციის ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. შენობა, სადაც 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულია. ნაგებობა 2001 წლის მიწისძვრის დროს კიდევ უფრო დაზიანდა. უმძიმესია საცხოვრებელი პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის ბინადრებს ორ ვარიანტს სთავაზობს – ან სამინისტროს მიერ ნაყიდი კორპუსების მშენებლობას დაელოდონ და მანამდე ქირით გადავიდნენ, ან სამინისტროს მიერ შეთავაზებული თანხით ბინები თავად მოიძიონ. ადრესატები უწყებას უნდობლობას უცხადებენ.

მანანა დევაძე აშუქებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.