სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გორში, კომბინატის დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

წყლის მაგისტრალური ქსელის დაზიანების გამო 4900-მდე აბონენტი მესამე დღეა სასმელი წყლის გარეშე იყო დარჩენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებულ დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია და წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. მდინარე ლიახვთან დაზიანებული ადგილი, დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს. ვარიანის სათავე ნაგებობიდან წამოსული 400 მილიმეტრიანი ფოლადის მილი, საიდანაც სასმელი წყლით გორის 20-მდე ქუჩა მარაგდება, დამეწყრილ ადგილზეა მოყოლილი. სპეციალისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შესაძლოა უხვმა ნალექმა და მდინარის ადიდებამ გამოიწვიოს. შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, ადგილზე გასატარებელი სამუშაოები დაიგეგმება.