განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სასკოლო ფორმების ესკიზები გამოაქვეყნა. მასში ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება სასკოლო ფორმის დიზაინი გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. დოკუმენტაციის მიხედვით, ბიჭებისთვის გათვალისწინებულია კლასიკური სტილის პიჯაკი და შარვალი, გოგონებისთვის კი პიჯაკთან ერთად შარვალი და ორი სხვადასხვა ზომის ქვედაბოლო. შეგახსენებთ, რომ სასკოლო ფორმები განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლებისთვის სავალდებულოდ შემოაქვს და ის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის იქნება. ფორმების შეკერვისთვის და მშობლებისთვის მისაწოდებლად კი – სამინისტრომ სპეციალური შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ შექმნა. დღეს განათლების სამინისტროს “საგანმანათლებლო რესურსებმა” სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა. შესაბამისად, ამ მოკვლევიდან უნდა გაირკვეს ისიც, თუ რა დაუჯდება ოჯახს ერთი წყვილი სასკოლო ფორმის შეძენაც. ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო თითო წყვილ ფორმას უფასოდ გადასცემს 60 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს.