სასკოლო ფორმები საქართველოშია
ორ კვირაზე ნაკლები რჩება სასკოლო ფორმების რეალიზაციის დაწყებამდე. ფორმები უკვე საქართველოშია და მიმდინარეობს მათი გადანაწილება სარეალიზაციო პუნქტებში. ფორმების გაცემა და რეალიზაცია 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც სპეციალურად გამოყოფილ პუნქტებში, ასევე, ონლაინ, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით. ამ პუნქტებისა და პლატფორმის შესახებ მშობლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ. სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი, ასევე უკრაინიდან სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსულ მოსწავლეებს. ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ფორმების გაცემისა და შეძენის პროცესის ორგანიზებას განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უზრუნველყოფს. მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. უკვე ცნობილია, რომ სასკოლო პიჯაკი 45 ლარი ეღირება, შარვალი 25 ლარი, ასევე 25 ლარია ქვედაბოლოს ღირებულება.