საშობაო ეპისტოლე

სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დროს, პატრიარქის ტრადიცული საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.

ილია მეორე მიმართავს საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეს, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ეკლესიის მსახურებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.  პატრიარქი აღნიშნავს: „ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…“

პატრიარქი ეპისტოლეში ასევე საუბრობს სნეულთა განკურნებაზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე,  თვითმკვლელობების თავიდან აცილებაზე. „აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი – ამბობს ილია მეორე.