კაცი, რომელსაც ბრალად ედება გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ოთხი ქალისა და ცხრა წლის ბიჭის მკვლელობა წინასწარ პატიმრობაში დარჩება. 50 წლის ეჭვმიტანილი მოსამართლის წინაშე გუშინ საღამოს წარდგა. ადგილობრივ მედიაში ეჭვმიტანილი დასახელებულია როგორც ტალებ ალ-აბდულ მოჰსენი, საუდის არაბეთის 50 წლის მოქალაქე, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა და ექიმად მუშაობდა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ თავდასხმის ერთ-ერთი შესაძლო მოტივი შეიძლება ყოფილიყო უკმაყოფილება გერმანიაში საუდის არაბეთის ლტოლვილებთან მოპყრობა. ამასთან, თავდამსხმელს არ აქვს კავშირები ისლამისტურ ექსტრემიზმთან. მისი სოციალური მედიის პოსტები მიუთითებს, რომ ის კრიტიკულად იყო განწყობილი ისლამის მიმართ. შეგახსენებთ, მაგდებურგში მამაკაცი საშობაო ბაზრობაზე მანქანით შევარდა. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. მომხდარის შემდეგ თავდასხმის მსხვერპლთა პატივსაცემად ქალაქის ეკლესიაში მსახურება გაიმართა, რომელსაც მსხვერპლთა ოჯახები და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაესწრო. პარალელურად, დაახლოებით ასმა ულტრამემარჯვენე დემონსტრანტმა მაგდებურგის ქუჩებში ჩუმი მარში მოაწყო და გერმანიიდან მიგრანტების გაძევება მოითხოვა.