საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა

სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა საშობაო ალილო. ნობათითა და ტკბილეულით დატვირთული ურმები ეკლესიასთან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხდეს, მოგვიანებით კი შემოწირულობები სხვადასხვა თავშეფრებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადანაწილდება.

სადღესასწაულო მსვლელობა რამდენიმე საათის წინ, ვარდების მოედნიდან დაიწყო, სადაც პატარებს საჩუქრები დედაქალაქის მერმა გადასცა. მონაწილეებს რამდენიმე გაჩერება ჰქონდათ. პარლამენტის შენობასთან მსვლელობის მონაწილეებს დეპუტატები და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დახვდნენ.

საგალობლებით ჩაიარეს მონაწილეებმა საკრებულოს შენობასთანაც.

შობის მახარობლები მოგვიანებით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. ალილოს მონაწილეებს, გიორგი მარგველაშვილმა, ოჯახთან და მისი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად უმასპინძლა.

პრეზიდენტმა შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.