საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 24 წლის წინ აღდგენილი ძველი ტრადიცია არც წელს დარღვეულა. თბილისსა და რეგიონებში საშობაო მსვლელობა ალილო გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები დედაქალაქში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით მივიდნენ. მომლოცველებმა სამების ტაძრამდე გზა საგალობლებით გაიარეს და საშობაო ნობათიც შეაგროვეს. მათ შორის ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებსაც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაანაწილებენ.