საშემოდგომო სესიის საკითხები

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, დოკუმენტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

დღეს ცვლილებებზე მსჯელობისთვის პარლამენტის თავმჯდომარესთან მორიგი შეხვედრაც გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო-სახალხო განხილვა სჭირდება, რისთვისაც საორგანიზაციო კომისია 3 სექტემბრის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე შეიქმნება. კომისიაში 13 წევრი იქნება. ასევე, კანონმდებლებს საშემოდგომო სესიაზე, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დადგენილების სამ პროექტზეც მოუწევთ მსჯელობა.