სასამართლოს „ვეტინგის სისტემით“ დაკომპლექტების მოთხოვნა

ე.წ. ვეტინგის მოდელი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.

მმართველი გუნდის პასუხი ცალსახაა – „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილის წინადადების განხილვას გამორიცხავს. ალბანური და მოლდოვური მოდელის მხარდამჭერ ოპონენტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური განცხადებით პასუხობს. შალვა პაპუაშვილი მოლდოვასთან და ალბანეთთან შედარებით საქართველოს მოწინავე პოზიციებზე მიუთითებს და პოზიციას საერთაშორისო კვლევებით ამყარებს. თავის მხრივ სასამართლოს რეფორმის პროცესში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნა კიდევ უფრო აქტიურდება ოპოზიციურ ფლანგზე და მესამე სექტორში. უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ

მოსამართლეების კეთილსინდისიერების და ქონების შემოწმება ოპოზიციის ნაწილისთვის ერთადერთი გზაა, რომ ევროკომისიის მართლმსაჯულების პუნქტი შესრულდეს. ფაქტია, რომ ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალებიდან სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია მწვავე უთანხმოების საგანი ხდება. მმართველი პარტია და ოპოზიცია რეკომენდაციას სხვადასხვანაირად კითხულობენ.