სასამართლოს განაჩენი მელიას და თარგამაძის საქმეზე
დაკავებულ პოლიტიკოსებს გივი თარგამაძეც დაემატა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო ციხეში შვიდ თვეს გაატარებს. თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 10 000-ლარინი გირაო დროულად ჰქონდა გადახდილი. ის დღეს პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა. საპატიმრო განაჩენი გამოუტანეს ამავე საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიასაც. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით საპატიმრო დაწესებულებაში უკვე რვა პოლიტიკოსი იმყოფება, რომლებიც კომისიას პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარების არგუმენტით სრულ უნდობლობას უცხადებენ. ყველა მათგანი კომისიის მხრიდან სხვადასხვა რეზონანსულ საქმეზე განმარტებების მოსასმენად იყო დაბარებული. მმართველი გუნდი ოპონენტებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებების და დაკავებების გამო შიდა პოლიტიკური სპექტრის გარდა რეაქციები მწვავეა უცხოეთიდანაც.