„ლელოს“ ლიდერები საპატიმრო დაწესებულებაში არიან.
მოსამართლე ზვიად შარაძემ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ორივე პოლიტიკოსს ციხეში რვა თვის გატარება მოუწევს. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერი ლიდერები საკუთარ ოფისში დააკავეს. იმავე საქმეზე ხვალ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება გიორგი ვაშაძეც, რომელსაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მსგავსად გირაო გადახდილი აქვს. გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოტანილია ზურა ჯაფარიძის მიმართაც, რომელიც გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე დაკავებულია. ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებს. საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირებას ითხოვს წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციური სპექტრის ერთიანი გეგმის აუცილებლობაზე საუბრობს. ერთ წლამდე პატიმრობა ან ფულადი ჯარიმა – ამ ტიპის სასჯელს ითვალისწინებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მისვლა, რასაც ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარების არგუმენტით ხსნიან.
მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს კანონდარღვევად აცხადებს.