სასამართლოს გადაწყვეტილება ხაბეიშვილის საქმეზე
ორწელიწადნახევრიანი პატიმრობა ლევან ხაბეიშვილს, ცხრა თვე – მურთაზ ზოდელავას.
რვათვიანი განხილვების შემდეგ რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. ხაბეიშვილი დამნაშავედ სცნეს, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირეს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მისი ქმედება საბოტაჟად შეაფასა. გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს პროკურატურა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს უკანონო ქმედების ჩასადენად სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის დაპირებას ედავებოდა. დავის საგანი იყო სატელევიზიო ეთერით თუ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც სამართალდამცავმა უწყებამ დანაშაული ამოიკითხა. განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადება დაცვის მხარეც, რომელიც ხაბეიშვილს უდანაშაულოდ აცხადებს. სექტემბერში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთი ფიგურანტი ჰყავს – „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი მურთაზ ზოდელავა, რომელიც ხაბეიშვილის დაკავების დროს მის გვერდით იმყოფებოდა. პოლიტიკოსი, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა, ამჯერად გამოძიებისთვის ხელის შეშლის ეპიზოდში სცნეს დამნაშავედ.