სასამართლოს გადაწყვეტილება ხაბეიშვილის საქმეზე - შეფასებები

ლევან ხაბეიშვილის დაკავება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და რეალურად არცერთი მტკიცებულება და მოწმე არ არსებობს. სულ სხვა პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და დაწყებიდან მედიისთვის მალევე დაიხურა. პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ ხაბეიშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოხელეებისთვის ქრთამის საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. მოგვიანებით, მას ბრალი კიდევ ერთი მუხლით წარედგინა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.