სასამართლოს გადაწყვეტილება ბაჩიაშვილის საქმეზე

18:34, 02.10.2025

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო. ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები, საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. როგორც ივანიშვილის ადვოკატი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება ბაჩიაშვილს, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება. პროცესზე განცხადება გააკეთა გიორგი ბაჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებისთვის, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში  დამნაშავედ ცნო.

მსგავსი