სასამართლოს გადაწყვეტილება  

თბილისში ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს დაკავებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა ჩაუდეს. თუ მათ განცხადებებს დავეყრდნობით, შვიდივე პირი 27 ნოემბერს თბილისში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ამ ვერსიის არ სჯერა პროკურატურას, რომელიც ახლა ადგენს, რა მიზნით გადმოკვეთეს ბატალიონ „დონბასის“ წევრებმა ერთი კვირის წინ საქართველოს საზღვარი და რისთვის სჭირდებოდათ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, გამოძიების ცნობით, მათ სასტუმრო ნომრებში იპოვეს.

არჩევნების მეორე ტურის წინ უკრაინის მოქალაქეების ვიზიტი მმართველი გუნდის წევრებს საეჭვოდ ეჩვენებათ.