თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილე პირების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე პროცესები მიმდინარეობს. ნიღბის მსგავსი საშუალებით სახის დაფარვის გამო დაკავებულ პროგრამისტ თეიმურაზ სარალიძეს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, თემურ სარალიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში რუსთაველის გამზირზე „ნიღბის მსგავსი საშუალებით სახის დაფარვას“ ედავებოდა. ნინო ბერუაშვილს, რომელსაც ასევე იმავე მუხლით ედავებოდა გამოძიება „ნიღბის საშუალებით სახის დაფარვას“, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4 დღით პატიმრობაა შეუფარდა. აქტივისტ ნინო ბერუაშვილის თქმით, მისი მხრიდან სახის დაფარვა მიზანმიმართული არ ყოფილა. ამ წუთებში სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით დაკავებული საბა ჯაფარიძის პროცესი, ასევე ცოტა ხნის წინ დაიწყო ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის პროცესიც. ქეთა ციცქიშვილი დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე 20-წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რადგან ადვოკატებმა განაცხადეს, რომ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთან აქამდე ვერ შეძლეს პირისპირ გასაუბრება. აქტივისტი თამარ თორთლაძე, რომელიც ბათუმისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს, ადვოკატის ინფორმაციით, გადაყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და პროცესი დღესვე უნდა ჩაინიშნოს.