თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და წევრობაში ბრალდებული კიდევ 6 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირიდან სამს, ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, აღნიშნულ პირებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად. დარჩენილ ხუთ პირს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში მონაწილეობად გადააკვალიფიცირა, სააპელაციო წესით, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.