სასამართლოს გადაწყვეტილება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მედეა ვასაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ჭეიშვილს ერთი ლარი უნდა გადაუხადოს, მედიასაშუალებებში კი უნდა უარყოს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ჭეიშვილი თურქეთიდან მეგობარს ნარკოტიკების გადმოტანაში დაეხმარა. ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო საქმეზე – ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ.

ირაკლი ჭეიშვილმა სარჩელით, – მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება, – სიმბოლურად ერთი ლარი მოითხოვა.

მედეა ვასაძემ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ირაკლი ჭეიშვილმა ერთერთი მეგობარი სარფის საზღვარზე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანით გადაიყვანა და უკანვე გადმოიყვანა. მანქანაში მჯდომ პირს კი საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები აღმოუჩინეს და დააკავეს.

გაასაჩივრებს თუ არა მედეა ვასაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს ჯერჯერობით უცნობია.