სასამართლოს გადაწყვეტილება

ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თავად ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. მან უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე. გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2014 წელს მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.