სასამართლომ უდესიანი და მუხაძე დამნაშავედ ცნო
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი, შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გიორგი უდესიანმა შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, დაუკავშირდა №8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ხარძიანი 2011 წლიდან ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით იმყოფებოდა, ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ, დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები.. შედეგად, ორი თვის განმავლობაში, ბესარიონ ხარძიანზე სისტემატურად ძალადობდნენ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე. საბოლოოდ, ბესარიონ ხარძიანმა დაახლოებით 4 000 000 ლარის ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დათმო. ორივე ბრალდებულს 10 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.