პროტესტი და ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ონლაინ გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მზია ამაღლობელისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. მედია-მენეჯერის უფლებადამცველები კი მზია ამაღლობელის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ მომეტებულად აფასებს მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა მზია ამაღლობელის ახლობლებისა და კოლეგების მხრიდან. ისინი მოსამართლეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. მედიამენეჯერის პატიმრობაში დატოვებას მედიასაშუალებებმა გაფიცვით უპასუხეს – ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ნაწილმა 17-დან 20 საათამდე მუშაობა შეწყვიტა. პროტესტი გაგრძელდა ქუჩაშიც, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია ჯერ ბათუმის სასამართლოსთან გაიმართა, მოგვიანებთ კი შეკრებილებმა აჭარის ტელევიზიასთან გადაინაცვლეს.