სასამართლომ მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მზია ამაღლობელის რეზონანსული საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში დასრულებულია.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. ასეთია გადაკვალიფიცირებული ბრალის ფორმულირება, რომელსაც დაცვის მხარე არ ეთანხმება – უფლებადამცველები მიღებულ გადაწყვეტილებას არაპროპორციულსა და უსამართლოს უწოდებენ და დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. რაც შეეხება პროკურატურას, ჯერ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრალდების მხარე. დღევანდელი სასამართლო პროცესი სოლიდარობის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ბათუმში მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. ჟურნალისტის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო გამოეხმაურა – დასავლელი აქტორები მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს გმობენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.