სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 10000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება დაზარალებულიც. მისი თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა.

შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.