თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა, ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს. რვა-რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ამავე საქმეზე დაკავებულ გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს. სამივე დაკავებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ დანაშაულის არ აღიარების გამო, სამივე მათგანს უარი უთხრა. ერთ-ერთი, ვინც დანაშაული აღიარა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური იყო. მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დღეს დაუმტკიცდა. განაჩენის გამოცხადებამდე თავდაცვის ექს- მინისტრმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ წარდგენილი ბრალდებები უარყო და იმის დასამტკიცებლად, რომ უკანონო შემოსავლები და დასამალი არაფერი ჰქონია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მისი და მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობასა და მაღალ შემოსავლებზე გააკეთა აქცენტი.
რით ახსნა მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება და როგორია მხარეთა პოზიციები – ამას ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის.