სასამართლომ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ის ღამით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, თანხის გადასახდელად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. ბრალდების მხარე სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. გიორგი რამიშვილის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესმენმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ინციდენტი დაუდევრობით იყო გამოწვეული და მომხდარს ნანობდა.
„სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რამიშვილის სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა, მას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.