სასამართლომ გიორგი გახარიას პატიმრობა შეუფარდა
ორი სასამართლო პროცესი და ერთ შემთხვევაში პატიმრობის გადაწყვეტილება – გიორგი გახარიას 20 ივნისის და ჩორჩანას საგუშაგოს საქმეებზე ბრალდებულის სტატუსი აქვს.
20 ივნისის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ახლა საინტერესოა, აღკვეთის ღონისძიების დაუსწრებლად შეფარდების შემდეგ მოითხოვს თუ არა სამართალდამცავი უწყება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექსტრადიციას. თვეების წინ გერმანიაში წასული გახარია დღეს პირველ განცხადებას აკეთებს და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთწლიანი ბოიკოტის შეცდომად აღიარებას და პარლამენტში შესვლას მაინც სწორ ნაბიჯად მიიჩნევს. მთავრობის ყოფილი მეთაური, რომელიც 20 ივნისის მოვლენებზე წლების წინ უკვე გამოკითხულია, ჩორჩანას ეპიზოდზე კი საგამოძიებო კომისიის ფორმატში აქვს ნასაუბრები, ორივე ბრალდებას პოლიტიკურ შურისძიებად აცხადებს. გახარიას ინტერესებს მისი თანაპარტიელი ბერდია სიჭინავა იცავს, რომელმაც სამართლებრივი დავის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელება უკვე დააანონსა. როგორც ირკვევა, საქმეებში ყოფილი მაღალჩინოსნების ჩვენებებიც დევს. ექსპრემიერს, რომელიც 2019 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს, 20 ივნისის აქციის დაშლის ხელმძღვანელობის დროს ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების ორგანიზებას და ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს შეუთანხმებლად გახსნას ედავებიან.