სასამართლო პროცესი სააკაშვილის საქმეზე

გადაწყვეტილება დღეს არ გამოცხადდა – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა 14 დეკემბრისთვის გადაიდო. ყოფილი პრეზიდენტი სხდომაზე დასწრებას, ან დისტანციურ ჩართვას ითხოვს. ადვოკატთა მთავარი მტკიცებულებები სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა კონსილიუმის შეფასებები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებია, რომელთა მიხედვით ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული და არსებულ გარემოში მკურნალობა უშედეგო იქნება. ორივე მხარის მტკიცებულებების და მოწმეთა რაოდენობის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას რამდენიმე პროცესი დასჭირდეს. მანამდე კი საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები უარყოფით გადაწყვეტილებას არ გამორიცხავენ და ოპოზიციის ნაწილთან ერთად სამოქმედო სტრატეგიას ათანხმებენ. გეგმაა, რომ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს მიმართონ.