2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებული 11 პირის პროცესი 20 იანვრისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, გური მირცხულავასა და მისი ადვოკატის, ომარ ფურცელაძის გამოუცხადებლობა გახდა. ადვოკატებმა დარბაზის ცვლილებაც მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულებს არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. მათი განმარტებით, არ აქვთ დაჯდომის საშუალება და საათობით ფეხზე დგომა არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია. დღეს მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა ეთქვათ. სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის ორწლიანი პატიმრობის განაჩენს, ორივე მხარე ასაჩივრებს. პროკურატურა პირვანდელ კვალიფიკაციას და სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი – გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.