სასამართლო პროცესი ბათუმში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი პატიმრობაში დატოვა, რასაც სასამართლო დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა, ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი კი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადვოკატი, რომელიც მოსამართლეს გირაოს სთავაზობდა, აცხადებს, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და სხვების დასანახად დასაჯა ახალგაზრდები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე აქტიურობდნენ. პროკურატურა კი საწინააღმდეგოს აცხადებს და ამბობს, რომ დანაშაული სახეზეა და ვიდეოჩანაწერებში ბრალდებულთა ყველა მოქმედება დეტალურად ჩანს. მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ასევე სტუდენტთა და პედაგოგთა ნაწილიც.

შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა. უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო პლაკატის ჩამოხევის გამო სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ლექტორს, თეა ცაგურიას შორის შელაპარაკება მოხდა, სტუდენტები კი დეკანმა, მამუკა ჯორბენაძემ დაიცვა. ამ ფაქტის თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში სასწავლებელში მივიდა ცაგურიას მეუღლე, ბათუმის მერიის თანამშრომელი ირაკლი დევაძე თანმხლებ პირთან ერთად და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება დაკავებულებსა და ირაკლი დევაძეს შორის.