სასამართლო პროცესი ახალციხეში

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელსა და მის მეგობარს, 37 წლის მანუჩარ მურადაშვილის გატაცების, ცემისა და საფლავის გათხრის იძულებისთვის, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი ახალციხეში დღეს გაიმართა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა, დაკავებულები გირაოს – 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, არ დააკმაყოფილა.

დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ და ამბობენ, რომ მომხდარი წინასწარ არ დაუგეგმავთ. მანუჩარ მურადაშვილის განცხადებით, 22 აგვისტოს, გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა  და მისმა მეგობარმა გაიტაცეს, სცემეს და საკუთარი ხელით საფლავის გათხრა აიძულეს. მისი თქმით, თანასოფლელები იმ თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ, რომელიც არ მოუპარავს.