მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლებით სამმა ბრალდებულმა ისარგებლა. მათ ბრალდების უსაფუძვლობაზე და მტკიცებულებების არარსებობაზე ისაუბრეს. ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს ფონდებს, რომელთა დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის წარმომადგენელთა ნაწილმა შესავალი სიტყვები წარმოთქვა. ადვოკატებმა საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, საქმეში მხოლოდ სამართალდამცველები ფიგურირებენ და ნეიტრალური მოწმეები არ არიან წარმოდგენილები. შეგახსენებთ, რომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.