განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქის, 26 წლის ანტონ ჩეჩინის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეთა გამოკითხვა დაიწყო.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ქიმიური ექსპერტი ლალი მჭედლიშვილია, რომელმაც 2024 წლის 3 დეკემბერს, შსს-ს მიერ წარდგენილი პაკეტის ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც ექსპერტმა თქვა, პაკეტის გახსნისას მასში 7 გრამზე მეტი მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფაპევეპეს“. ანტონ ჩეჩინის ადვოკატი გიორგი ჩხაიძე გამოძიებას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბრალდებულს დაკავებისას ნარკოტიკები ჩაუდეს. გიორგი ჩხაიძის განცხადებით, გამოძიებას არ აქვს ნეიტრალური მტკიცებულებები, არ მოხდა ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღება და ნეიტრალური მოწმეების დასწრება. მისი თქმით, თარჯიმანი ნეიტრალური მოწმე ვერ იქნება რადგან შსს-ს მიერ იყო მიწვეული. პროკურორი კი ნეიტრალურ მტკიცებულებად მიიჩნევს თარჯიმნის ჩვენებას. ანტონ ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა. გაზაფხულის აქციების შემდეგ ის აქტიურად მონაწილეობდა პროტესტში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. დამცველი ნარკოდანაშაულზე დაკავებას ჩეჩინის აქციებში მონაწილეობას უკავშირებს, რასაც არ ეთანხმება პროკურორი. მუხლი რომელიც ჩეჩინს აქვს წარდგენილი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.