აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პროცესები გრძელდება საქალაქო სასამართლოში.
დღეს პროცესები ძირითადად ადმინისტრაციული დარღვევის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების საქმეებზე ჩატარდა. ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა დავით გოგილაშვილს, რომელიც 30 ნოემბერს დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. გოგილაშვილი სასტიკად არის ნაცემი. მას გადაუდებლად დასჭირდა რამდენიმე ოპერაციის ჩატარება ცხვირისა და სახის ძველების აღსადგენად. მას ასევე აქვს მძიმე ფორმის ტვინის შერყევა. როგორც გოგილაშვილი ამბობს, ის შავ ფორმებში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს, პროცესში მას სასტიკად გაუსწორდნენ. სახის არეში სცემდნენ მუშტებით და ასევე ერთ-ერთმა პირმა მას სახეში წიხლიც ამოარტყა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას სამედიცინო დახმარება არ გაეწია 9 საათის განმავლობაში. გოგილაშვილი იხსენებს, რომ ამ დროის განმავლობაში კარგავდა სისხლს. დახმარების თხოვნაზე კი სისხლის გასაჩერებლად მხოლოდ ქაღალდი მიიღო. იზოლატორში შესახლების მოლოდინში გატარებული 9 საათის შემდეგ მასთან მივიდა ექიმი, რომელმაც მისი ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო. გოგილაშვილი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას წამებას უწოდებს. მის პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომის დასრულების შემდეგ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. გოგილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 9 იანვარს უნდა გამოცხადდეს. თავად ბრალდებას გოგილაშვილი კატეგორიულად უარყოფს.