კოალიცია „ცვლილებისთვის“, მოძრაობა „ნაბიჯის“, ფეისბუქ ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისა და ნოემბრის საპროტესტო აქციების სხვა აქტივისტების, სულ 11 პირის ადმინისტრაციულ საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა. მათ 10 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების, 17 ნოემბერს კი ვარაზის ხევის და ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. აღნიშნულის ორგანიზებაში ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, თუმცა იმის გამო, რომ გვარამია სხვა საქმეზე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, დღევანდელ პროცესზე არაა წარმოდგენილი. მისი საქმე მოსამართლემ გამოყო და 23 დეკემბერს განიხილება. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ქუჩები აქციის მონაწილეებმა ხელოვნურად გადაკეტეს, რისი დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებაც გააჩნიათ. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა პოზიციას, მათი ადვოკატების განცხადებით, მონაწილეთა დიდი რაიონების გამო ქუჩების გადაკეტვა ლეგიტიმური და კანონიერი იყო. დღეს პროცესზე მეორედ დადგა მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა, პირველად ამის საფუძველი შსს-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილება გახდა ვიდეომასალის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, ადვოკატების მტკიცებით, არ იცნობდნენ მასალებს და ამიტომ საქმეს არ უნდა დართვოდა, მეორე შემთხვევაში კი მოწმების დაკითხვაზე უარის თქმის გამო მოითხოვეს მოსამართლის აცილება, თუმცა ცეკვავამ მისი აცილების შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.