სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

პროცესის პარალელურად შეკრებილები არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები. ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირებას პირადი მოტივი ჰქონდა, ნაწილი კი ამბობს, რომ დაკავება სტუდენტების აქციებზე აქტიურობას უკავშირდება. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ინციდენტი 3 დეკემბერს მოხდა. სასწავლებელში საპროტესტო ბანერის ჩამოხევის გამო სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ლექტორს, თეა ცაგურიას შორის დაიწყო, რა დროსაც სტუდენტები მამუკა ჯორბენაძემ დაიცვა. ამ ფაქტის თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში სასწავლებელში მოვიდა ცაგურიას მეუღლე, ბათუმის მერიის თანამშრომელი ირაკლი დევაძე თანმხლებ პირთან ერთად და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება დაკავებულებსა და ირაკლი დევაძეს შორის.